ამპარტავნების ნიშნები, ამაზრზენი ცოდვა, ეს ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს…

loading...

ამაზრზენი ცოდვაა ამპარტავნება, მაგრამ მცირედნი თუ აცნობიერებენ ამას, რადგან იგი გულში ღრმადაა ჩამალული. ამპარტავნებას განაპირობებს ის, რომ ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს. ამგვარი უცოდინრობა აბრმავებს მას და ისიც ქედმაღლობს. ადამიანს რომ თავისი თავი შეეცნო, შეეცნო თავისი სიღატაკე, სიგლახაკე და წყეულობა – აღარასოდეს იამპარტავნებდა! თუმცა უფრო მეტად შეჩვენებული ის არის, ვინც საკუთარ სიღატაკესა და უღირსობას ვერ ხედავს. ამპარტავნება საქმით იცნობა ისევე, როგორც ხე – ნაყოფით.

ვნახოთ, როგორია ამპარტავნების მწარე თესლის ნაყოფი:

1. ამპარტავანი მხოლოდ პატივს, დიდებასა და ქებას ესწრაფვის. ის ყოველთვის იმას ცდილობს, რომ თავი დიდ ვინმედ წარმოაჩინოს და სხვებზე იუფროსოს და იმბრძანებლოს, ხოლო ვინც მის ნებას ეწინააღმდეგება, მის მიმართ ძლიერ მრისხანებს და ბრაზობს.

2. პატივის ან მაღალი თანამდებობის დაკარგვის შემთხვევაში, ბუზღუნებს, ბრაზობს და ილანძღება: „რა შევცოდე? რა დავაშავე? ნუთუ ამის ღირსი ვარ და ეს დავიმსახურე?“… ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანი თავის თავს თვითონ ანადგურებს.

3. იწყებს საქმეს, რომელიც მის ძალებს აღემატება და თავს ვერ ართმევს. ო, ადამიანო! რატომ იღებ იმ ტვირთს, რომელსაც ვერ ზიდავ?

4. დაუკითხავად ერევა სხვის საქმეებში, ყველას ჭკუას ასწავლის, თუმცაღა თვითონ არაფერი იცის. ასე მას ამპარტავნება აბრმავებს.

5. უსირცხვილოდ იქებს და იმაღლებს თავს: „მე ესა და ეს საქმეები აღვასრულე, მრავალი დამსახურება მაქვს საზოგადოების წინაშე“. ჰოი, ადამიანო! საკუთარ დამსახურებებს ჩამოთვლი, მაგრამ საკუთარი ცოდვების შესახებ რატომ არ ამბობ არაფერს? თუ მათი გამოაშკარავებისა გრცხვენია, მაშინ თავის ქებისაც შეგრცხვეს.

6. სხვებს უგულებელყოფს და ამცირებს: „უნამუსო და უვარგისი ადამიანია!“ – ამბობს სხვების შესახებ. ო, ადამიანო! იგი ისეთივეა, როგორიც შენ და ჩვენ, რადგან ყველანი ადამიანები ვართ. იგი ცოდვილია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ შენც ასეთივე ხარ. მან ერთ რამეში შესცოდა ან სცოდავს, შენ – სხვაში, ან, იქნებ, იმავეშიც: „რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა“ (რომ. 3:23).

7. ხელისუფალთ და მშობლებს არ ემორჩილება და ურჩობს, რადგან ამპარტავნები ქედმოუდრეკელნი არიან. მათ ყოველთვის თავიანთი ნება- სურვილის გატარება და განმტკიცება სურთ.

8. თუ რაიმე სიკეთეს ფლობს, თავიანთ თავს, მონდომებას, შრომასა და გონებას მიაწერს და არა – ღმერთს. ო, ადამიანო! რა შეიძლება შენივე გქონდეს, როცა შიშველი გამოხვედი დედის მუცლიდან?! რა შეიძლება გაგაჩნდეს, თუ ღმერთი არ მოგცემს, რომელიც თავად არის წყარო ყოველგვარი სიკეთისა?! ღვთის შეწევნის გარეშე, რას მოგვცემს ჩვენი შრომა და მონდომება, რადგან მხოლოდ ღმერთია ყოვლისშემძლე და არაფერი არსებობს უღმერთოდ, როგორც ჩრდილი – უსხეულოდ.

9. უკიდურესად სძულს მხილება და შეგონება. საკუთარ თავს წესიერ ადამიანად მიიჩნევს, თუმცა თვითონ ყველა სიბინძურეშია გასვრილი.

10. როდესაც ამცირებენ, ან მოიძულებენ, ან პრობლემები აქვს და განსაცდელები ესხმის თავს, ვერ ითმენს, ბრაზობს, ბუზღუნებს, შფოთავს და ხშირად ილანძღება კიდეც.

11. თავისი საუბრითა და ქმედებით ავლენს ქედმაღლობას და ხაზს უსვამს თავის დიდებულებას, და ა. შ.

აი, ესენია ამპარტავნების ნაყოფი, რომელიც სძულს ღმერთსაც და ადამიანებსაც.

მწარეა ეს ნაყოფი, მწარეა თესლიც, რომლისგანაც ისინი აღმოცენდებიან. „კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა“ (ლუკ. 16:15), ამიტომაც წერია: „ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს“ (ლუკ. 14:11).


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: azbyka.ru

თბილისი 2019

loading...

Facebook Comments

Share.