გაიცანით მღვდელი, რომელმაც ჯიპს, ოქროსა და ფულს სნეულთა დახმარება არჩია – ვინ არის მამა გიორგი?

loading...

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ბევრ სოციალურ პროექტშია ჩართული და საკუთარ ფეისბუქის გვერდზე პროპაგანას უწევს მათ. ხშირად გვაცნობს სამაგალითო ადამიანებს, რომელთა საქციელიც ნამდვილად მისაბაძია.

სულ ცოტა ხნის წინ სწორედ იმ მღვდელზე დაწერა სტატუსი, რომელმაც ჯიპსა და ოქროს სნეულთა და ღარიბთა კეთილდღეობა არჩია. სამწუხაროა, რომ ადამიანების კეთილი საქმე გვაოცებს… გთავაზობთ გოგას სტატუსს უცვლელად:

“დღეს გავიცანი ღვთისმსახური, ახალგაზრდა, ასე, 30-32 წლისა. უკვე გაჭაღარავება მოესწრო, წვერი ლამის მთლიანად თეთრად შემოსვოდა. ერთ-ერთი ძველი ტაძრის მოძღვარია.

ჩემთვის თავმდაბლობისა და კეთილსინდისიერების მაგალითი აღმოჩნდა. ეს არის მამაო, რომელსაც მრევლმა ახალთახალი მანქანა აჩუქა, მან კი გაყიდა და ფული 4 წლის ბიბის ძვლის ტვინის გადასანერგად მისცა; ოქროს ჯვარი აჩუქეს, მან კი გაყიდა და ფული მაისურაძეების ექვსშვილიან ოჯახს გადასცა. როცა ნაჩუქარი ახალი ტელეფონიც გაყიდა, ნაირა ბებოს ეტლი შეუძინა.

ჩვენმა საერთო მეგობარმა ალექსანდრემ მითხრა, ეს რა არის, უამრავი რამ აქვს გაკეთებული და ხალხს ძალიან უყვარსო.
მამა გიორგის ამ თემაზე საუბარს ვერაფრით დააწყებინებ. როცა ტაძრის ეზოში დარგულ ბზაზე ვლაპარაკობდით, მაშინ მითხრა – იესო ჩემი დიდი მასწავლებელია. ის იერუსალიმში სახედრით შევიდა და არა სამეფო ეტლით. მე რა უფლება მაქვს, მასზე მეტი ვიყო?

ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში კიდევ
ვისაუბრებდით, მაგრამ არამც და არამც მის საქციელზე საქებარი არ უნდა წამომცდენოდა.

მერე ადგა მამა გიორგი, მხარზე აქეთ მეამბორა, დაქოქა ნიკოლოზისდროინდელი ხმაურიანი “ფოლკსვაგენი”, მანქანიდან თავი ღიმილით გამოყო და ხელის აწევით მე და ალექსანდრეს დაგვემშვიდობა.

წავიდა მამა გიორგი. ალექსანდრემ, რომელმაც სამლიტრიანი ქილით თაფლი მიართვა, მითხრა, რომ საავადმყოფოში, უცნობი ავადმყოფების გასამხნევებლად და პარაკლისის გადასახდელად წავიდა”

loading...

Facebook Comments

Share.