მოზარდი პოლიციას გაუპატიურების მუქარასა და ცემაში ადანაშაულებს

loading...
ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში 15 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის მუქარა 8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ქურდობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი „კურიერთან“ ამბობს, რომ სამართალდამცველები ბოთლით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. მისი თქმით, სექსუალური ძალადობის მცდელობის შემდეგ პოლიციელები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, ჯერ ქამრით სცემეს, შემდეგ კი ხელი მოტეხეს.
არასრუწლოვანი ბოლნისში პოლიციამ ოქროს მაღაზიის ქურდობის ბრალდებით დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდმა ბრალი დაკავებისთანავე აღიარა, მოპარული ნივთები კი პოლიციას გადასცა, არასრულწლოვნის თქმით, სამართალდამცველებმა მასზე ზეწოლა განახორციელეს. მოზარდი “კურიერთან“ აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებაში 15 წლის ბიჭს ქურდობის თანამონაწილის დასახელებას აიძულებდნენ. პოლიციისთვის სასურველ ჩვენებაზე უარს კი მოზარდის სასტიკად ცემა მოჰყვა.
პოლიციის განყოფილებაში მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ სკოლის მოსწავლე საგამოძიებო უწყებიდან ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ ოჯახს ინფორმაცია შესაბამისი უწყებებისთვის არ მიუწოდებია. მოზარდის მტკიცებით, სამართალდამცველები მის ოჯახს ინციდენტის გახმაურების შემთხვევაში მეორე შვილის დაკავებით ემუქრებოდნენ.
ბოლნისის პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვნის და მისი ოჯახის მიმართ მუქარა, სავარაუდოდ, გუშინ უკვე შუამავლების მეშვეობით გააგრძელეს. ”კურიერს” არასრულწლოვნის ოჯახში ყოფილი პოლიციელი შოთა ჯავახიშვილი დახვდა. ის მოზარდს ჟურნალისტებთან ინციდენტის შესახებ საუბარს უკრძალავდა, მის მშობლებს კი ჩაკეტილ კარს მიღმა არწმუნებდა, რომ პოლიციაში განხორციელებული ძალადობის შესახებ ხმა არ უნდა ამოეღოთ.
მოზარდის დედა ადასტურებს, რომ ადგილზე ”რუსთავი2″-ის მისვლის შემდეგ ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო, გუშინ კი შუამავლები მიუგზავნეს.
„კურიერის“ კითხვებმა, თუ რატომ ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ყოფილი პოლიციელი ოჯახზე და მოქმედებდა თუ არა ბოლნისის პოლიციის თანამშრომლების დავალებით, შოთა ჯავახიშვილის აგრესია გამოიწვია.არასრულწლოვნის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ
”კურიერში” გასული სიუჟეტის შემდეგ დაიწყო. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ბოლნისში არასრულწლოვანი გამოკითხეს. საგამოძიებო მოქმედებას შოთა ჯავახიშვილიც ესწრებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისის პოლიციაში მომხდარი ძალადობის საქმეზე ერთ პოლიციელს უფლებამოსილება მხოლოდ შეუჩერდა. თუმცა არასრულწლოვანი ამტკიცებს, რომ მის წამებაში რაიონის პოლიციის უფროსი და განყოფილების კიდევ ოთხი თანამშრომელი მონაწილეობდა.
loading...

Facebook Comments

Share.