“უცბად დავინახე მამაკაცი ხიდზე იდგა და გადმოხტომას აპირებდა…” – როგორ გადაარჩინა ერთმა ჩვეულებრივმა ადამიანმა კაცი სიკვდილს

loading...

ინტერნეტმომხმარებელი ბესო დანელია ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“საღამოს შვიდ საათზე – ვაშლიჯვრის ასახვევთან, უფრო კონკრეტულად – ყოფილი ავეჯის სახლთან, მესამე ზოლში ვმოძრაობდით საბურთალოს მიმართულებით. საცობი არ იყო, მაგრამ საკმაოდ ინტენსიური მოძრაობა გახლდათ პიკის საათიდან გამომდინარე და შესაბამისად დაბალი სიჩქარით მივდიოდით. უცბად დავინახეთ, თუ როგორ ადიოდა იქვე არსებული ხიდის მოაჯირზე ახალგაზრდა კაცი, რომელიც გადახტომას ლამობდა…
მე და ჩემი მეგობარი მაქსიმალური სისწრაფით ისე გადმოვედით ინსტინქტურად მანქანიდან, რომ ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს
და მისი მიმართულებით გავიქეცით. პირველ ზოლში მიმავალი მანქანიდან, ახალგაზრდა ქალი ელვის სისწრაფით გადმოვიდა და გაიქცა ხიდისკენ. მას რამდენიმე ნაბიჯში მისი მეუღლე მისდევდა უკან, ყველას დაგვასწრო გოგონამ ჯებირზე გადახტომა, თან განწირული ხმით უყვიროდა: “რას აკეთებ, ჩამოდიო!”

მამაკაცი უკვე ასული იყო ხიდზე და გადასახტომად ემზადებოდა, მაგრამ ქალის ყვირილის ხმაზე მოიხედა და ამ დროს -წამის მეასედში მოასწრო გოგომ მოქმედება, მამაკაცის ფეხს ჩააფრინდა ორივე ხელით და აქეთ გადმოძალა ინერციით. ამასობაში ჩვენც მივირბინეთ და მაგრად ჩავკიდეთ ხელი, უკვე გადარჩენილ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ასე 45 წლამდე იქნებოდა. არასდროს დამავიწყდება მისი სახე, იგი დამსხვრეულ სარკეს ჰგავდა, საიდანაც საოცარი ტანჯვის ანარეკლი გიცქერდა.

– ამით რას ეშველება, ჩემო ძმაო, შენ გენაცვალე, დამშვიდდი, ღვთის გულისათვის, წამოდი,
მანქანაში დაბრძანდი, სახლში წაგიყვანოთ-თქო, – ვუთხარი და გადავეხვიე.
“ვეღარ ვუძლებ, ძმაო, აღარ შემიძლია ამდენი გაჭირვების ატანა”, – მომიგო მან აცრემლებულმა.

“ახლა ერთი დის გამოგზავნილი ფულით, მეორე დისთვის ვყიდულობ საჭმელს” – გამაოგნებელი თბილისური ამბავი

სრულიად ფხიზელი იყო, შეშფოთებული, მაგრამ ამასთანავე რაღაც დოზით კმაყოფილებაც დაეტყო სახეზე, როდესაც გააცნობიერა, რომ მისი სიცოცხლე გრძელდება და ხიდის ქვეშ არსებულ ლოდებზე არ დასრულებულა.

ეს ყველაფერი ისეთ მცირე დროში მოხდა, რომ ვერც გამოველაპარაკეთ იმ ახალგაზრდა წყვილს, რომელმაც ორი მცირეწლოვანი ბავშვით მანქანა შუა ტრასაზე დატოვეს და ადამიანის გადასარჩენად გაემართნენ. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ სუიციდის საფრთხე აღარ ემუქრებოდა კაცს და ჩვენ ვესაუბრებოდით და ვამშვიდებდით, კვლავ საკუთარი ავტომობილისკენ წავიდნენ ბავშვების დასაწყნარებლად.

აღნიშნულ მოცემულობაში ყველაზე დამთრგუნველი ის გახლდათ, რომ იქვე სიახლოვეს რამოდენიმე მეტრის რადიუსში, ათეულობით მანქანა იდგა, რომლებიდანაც მრავალი ადამიანი ხედავდა ამ ყველაფერს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გადმოსულა დასახმარებლად. რასაც შევესწარი, იმაზე მეტად იმ გულგრილობამ დამთრგუნა, რომელიც გარშემო სუფევდა.

გამახსენდა ისტორია რომელსაც მამა მიყვებოდა ბავშობაში – თებერვლის ყინვაში, გავეშებულ, ადიდებულ მტკვარში, დოდო აბაშიძე რომ გადაეშვა ვერის ხიდიდან ადამიანის გადასარჩენად…

მოვედი სახლში და ჩემს შვილს ვუყვები ადამიანზე, რომლის საქციელმაც მაიძულა დამეწერა ეს ყველაფერი და რომელსაც აქ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. ხიდზე იმ მომენტში, ისე ვიყავით ყველა ემოციების ტყვეობაში, რომ სახელიც არ გვიკითხავს თვალცრემლიანი ახალგაზრდა ქალისთვის, რომელმაც სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა დღეს, ჩვენ თვალწინ და ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ის გოგონაა ჩემთვის თბილისი და დოდო აბაშიძე. მისი აღზრდილი შვილები გადაარჩენენ საქართველოს!”

loading...

Facebook Comments

Share.