წლევანდელ ნატო-ს სამიტზე საქართველომ ნატოში გაწევრიანების შეთავაზება უნდა მიიღოს – გენერალი ჰოჯესი

loading...

ნატო-ს შემდეგ სამიტზე, რომელიც 2019 წლის დეკემბერში, ლონდონში ჩატარდება, საქართველომ ნატო-ში გაწევრიანებაზე მოწვევა უნდა მიიღოს. ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა „ამერიკის ხმის” ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ ნატო-მ უნდა მოიწვიოს საქართველოს ალიანსში შემდეგ სამიტზე. მე მყარად ვარ ამაში დარწმუნებული, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ბევრი ჩემს აზრს არ იზიარებს”, – თქვა გენერალმა ჰოჯესმა.

მან იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში:

„არსებობს გარკვეული დაბრკოლება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას. მაგრამ ასეთი ქვეყნის ნატო-ს წევრობის პრეცენდენტი არსებობს – ეს გერმანიაა. აღმოსავლეთ გერმანია საბჭოთა ჯარების მიერ იყო ოკუპირებული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ დასავლეთ გერმანია მაინც მიიღო თავის რიგებში. ამიტომ მგონია, რომ საქართველოს საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია”, – განმარტა ბენ ჰოჯესმა.

მისი თქმით, საქართველომ უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ალიანსის წევრობის ღირსია. ახლა კი დროა, რომ ნატო-მ საპასუხო ნაბიჯები გადადგას და მიიღოს ქვეყანა საკუთარ რიგებში:

„მამაცმა ქართველმა ჯარისკაცებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს ავღანეთში. ახლა ალიანსის ჯერი დადგა – მან უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯი და საქართველო ალიანსში დაპატიჟოს. მე მჯერა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. არ ვიცი როდის მოხდება ეს, მაგრამ ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული”, – აღნიშნა გენერალმა ბენ ჰოჯესმა.

loading...

Facebook Comments

Share.